მექსიკაში საქართველოს ელჩმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის და ღია მმართველობის სფეროში არსებული რეფორმები გააცნო

6.11.2018 მექსიკა-  მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ ერისთავი მექსიკის პოლიციის ნაციონალური უნივერსიტეტის (UNIPOL) და სამართლის დოქტორანტურის უნივერსიტეტის (EPED) წარმომადგენლებს - აკადემიური საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ალმა ლუნას, სამართლის დოქტორანტურის დეკანს, პროფესორ კარლოს კორეა როხოს და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ხუან ტორეს რასკონს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრალური,  ლათინური და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებთან, ასევე  ევროპის, აფრიკის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს, მათ შორის - 2019 წლის 6-7 ივნისს დაგეგმილ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას - “Cumbre UNIPOL 2019”, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი სისტემის და კიბერ უსაფრთხოების შესახებ.

საქართველოს ელჩმა სტუმრებს საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის და ღია მმართველობის სფეროში მიღწეული შედეგები გააცნო. უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია  ქართული ენის,  კულტურის, ისტორიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.