მექსიკაში საქართველოს ელჩმა კონფერენცია “საქართველო - წარსული, აწმყო და მომავალი” გამართა

1.09.2019 მექსიკა- იდალგოს შტატის დედაქალაქში, წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალის ფარგლებში, მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ ერისთავის კონფერენცია გაიმართა.
 
კონფერენციის ფარგლებში,საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ეთნო-ლინგვისტურ, კულტურულ და ისტორიულ ასპექტებზე, ქართულ დამწერლობასა და ლიტერატურაზე, მათ შორის - შოთა რუსთველის  პოემაზე, რომლის ახალი ესპანურენოვანი გამოცემა მზადდება მექსიკაში.
 
ზურაბ ერისთავმა უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო რეგიონის გეო-პოლიტიკური თავისებურებები. საუბარი შეეხო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, ქართული პარლამენტარიზმის ტრადიციებს, ასევე, საბჭოთა ოკუპაციის წლებსა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოვლენებს.
 
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში მიღწეული წარმატებების და რეფორმების შესახებ, რაც საქართველოს წარმოაჩენს პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის.
 
 ელჩმა ყურადღება ასევე გაამახვილა მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე და აღნიშნა, რომ ურთიერთობები უნდა გაფართოვდეს, ორი ერის უკეთ გაცნობისა და მეგობრობის უზრუნველსაყოფად.
 
 კონფერენციის ფარგლებში ზურაბ ერისთავმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ოკუპაციაზე.