მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას შეხვდა

1.03.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ალბანეთს შორის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში მაღალი დონის რეგულარული შეხვედრების ტრადიცია.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მრავალფეროვან სფეროებს. მათ შორის აღნიშნეს ხალხთაშორისი, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული დიდი პოტენციალი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და აღნიშნა, რომ ალბანეთი ასევე განიხილავს საქართველოსთან  ახლო მომავალში უვიზო მიმოსვლის შემოღებას, (საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოს მიმოსვლით ამჟამად მხოლოდ ზაფხულის სეზონზე სარგებლობენ).

მინისტრებმა გამოთქვეს დაინტერესება იმუშაონ ხალხთაშორისო და ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, ამ მხრივ აღინიშნა ალბანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალბანეთს ნატოს ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ალბანეთის აქტიური მონაწილეობისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას. ალბანეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.