მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

27.10.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოში ავსტრიის ელჩთან არად ბენკოსთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ავსტრიასა და ავსტრიელ ხალხს მიულოცა საზეიმო თარიღი და მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით ხაზი გაუსვა გასულ წელს საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ავსტრიის მხრიდან გაწეულ ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისკენაა მიმართული.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიულ მხარეს მიულოცა წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, წარმატებით განხორციელდება ის პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ავსტრიისთვის, ასევე ევროპისთვის.

მინისტრმა ისაუბრა ფედერალური მინისტრის სებასტიან კურცის საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე, რაც მისი თქმით ავსტრიის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნათელ გამოხატულებას წარმოადგენდა.

„საქართველოსა და ავსტრიას ერთმანეთთან აკავშირებს საერთო ღირებულებები, ინტერესები და მიზნები, რაც მომავალში მოგვცემს უკეთესს შედეგებს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე რეგიონალურ და სხვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კუთხით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.