მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

12.06.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 12 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, დიასპორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შემდგომშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.

მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ფუად მურადოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.