მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

12.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფა ხელმძღვანელობს. 

დღესვე, ბაჰრეინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რიგით პირველი კონსულტაციები გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა ხელი შეეწყოს ორმხრივი სექტორული ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის სექტორს. დადებითად შეფასდა ბაჰრეინიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა და დასახულ იქნა ამ კუთხით მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები. ქართულმა მხარემ დეტალურად გააცნო ბაჰრეინის მხარეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო.

საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები. ქართულმა მხარემ მასპინძლებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ბაჰრეინის მხარემ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფას ხელმძღვანელობით საქართველოს 2018 წლის 12 აპრილს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.