მიხეილ ჯანელიძე ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდახუთი წლის თავზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბელგიას წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელების კუთხით აღმოჩენილი თანადგომისთვის.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელგიური ბიზნეს დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბელგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ბიზნეს შესაძლებლობებს. აღინიშნა თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკის ,მწვანე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია ბევრი საინტერესო  პროექტის შემოთავაზება თქვენი ბიზნეს წრეებისათვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ ევროპას“, აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

დიდიე რეინდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ბელგიის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა ინტერესი აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში.