მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა

28.02.2017 ჟენევა - ​ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსს შორის. 

დანიელმა კოლეგამ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი წარმატება. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამომავლო გეგმებზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპული  იდეის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მხარდაჭერას, რაზეც ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მეტყველებს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანებად ინსტიტუციური დაახლოება, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის სამზადისი დაასახელა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც ასევე მიზანს ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის სიკეთეებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სარგებლობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში მოიწვია.