მიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა

8.09.2017 ტალინი, ესტონეთი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ტალინში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სვენ მიკსერს შეხვდა. 

მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ტალინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევისათვის, რამაც კარგი შესაძლებლობა მისცა მხარეებს არაფორმალურ გარემოში განეხილათ 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

თავის მხრივ ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრიორიტეტულობა და აღნიშნა ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და ის მნიშვნელოვანი ურთიერთმხარდაჭერა, რაც ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიურო მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის და ესტონეთის მორიგი მხარდაჭერის გამოხატულება იქნება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში საქართვლოში ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის დაგეგმილი ვიზიტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური ესტონეთის ხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.

მინისტრებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მათ შორის ესტონეთის გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის, საჯარო მოხელეთა გადამზადების მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიყო ის მრავალი სფერო, სადაც ესტონეთის ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს. მათ შოროს საგადასახო სისტემის რეფორმა ესტონური მოდელით, ელექტრონული მმართველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა "განვითარების სფეროს თანამშრომლობის" ფარგლებში საქართველოს დახმარებისთვის.