მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავს

23.05.2017 თბილისი - 24 მაისს, ქ. თბილისში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან.  

ევროპარლამენტის დელეგაციას  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უხელმძღვანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები: ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის, ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის, ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფის და  ევროპის თავისუფალი ალიანსი/მწვანეების ჯგუფის წევრები. 
 
მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს და პრიორიტეტებს, საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროკავშირის როლს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.შეხვედრაზე  ყურადღება დაეთმობა ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს და  ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებისა და ინიციატივების დასახვას.