მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა

18.05.2018 ქ. ელსინორი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს 128- მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.

მინისტრმა მიულოცა დუნია მიატოვიჩს აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავად დუნია მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთნ წარმატებული თანამშრომლობის კარგ ტრადიციას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პოზიციაზეც წარმატებით გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობას.
 
აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განმტკიცების საკითხებს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში. ამ მხრივ, მხარეები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს, რომელიც განხორციელდა  ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის კუთხით.
 
მინისტრმა ევროპის საბჭოს კომისართან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხების პრიორიტეტულობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. ამ მხრივ აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რეგულარულ ანგარიშებს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადგილზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას, მათ შორის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოს წარმომადგენელთა ოკუპირებულ  ტერიტორიებზე შესვლის საჭიროებას. მინისტრმა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე და რუსეთის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობაზე.