მიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგასთან ერთად საქართველო-გერმანიის წელს დღეს ოფიციალურად გახსნის

26.04.2017 ბერლინი, გერმანია - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად  ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის წელს. 

საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში, „Weltsaal“-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

„ჩემი ვიზიტი გერმანიაში, პირველ რიგში, ემსახურება საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნას. ჩემს კოლეგასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ოფიციალურად გავხსნი საქართველო-გერმანიის წელს უკვე ბერლინში. მოგეხსენებათ, რომ თბილისში უკვე შედგა გახსნის ცერემონია. ჩვენ ვაფასებთ 25 წლიან პერიოდს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებობდა და მან ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა ამ პერიოდის განმავლობაში. გერმანია არის უმსხვილესი დონორი საქართველოსთვის, 800 მილიონ ევროზე მეტი დახმარება არის გაწეული 25 წლის განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ, რათა საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა, გაჩენილიყო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და მომხდარიყო საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან, ნატოსთან და ხელი შეწყობოდა ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. ბერლინში გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიების“ საექსპოზიციო მასალა. ასევე გახსნის ღონისძიება ითვალისწინებს კულტურულ კომპონენტსაც, ხოლო საზეიმო გახსნის დასასრულს დაგეგმილია საუბრის/დისკუსიის გამართვა, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცეპრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზიგმარ გაბრიელს. მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე შეხვედრა გამართა გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ექსპერტულ წრეებთან და მედიასთან.