მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

26.04.2017 ბერლინი, გერმანია - ​საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორბერტ რიოტგენს მრავალი წლის განმალობაში საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისთვის. 

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოს გერმანიის 200 წლის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს და აღნიშნეს, რომ ამ წლების განმალობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა და თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით განვითარდა და დღეს საქართველოსა და გერმანიას აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრობა.

აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა სქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ასევე გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებისთვის. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის პასუხისმგებლიანი პარტნიორი მხარში უდგას ევროკავშირს და ევროპელ პარტნიორებს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ხაზი გესვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გერმანიის პოლიტიკურ, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოს ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ანექსიური ნაბიჯების შედეგად შექმნილი ვითარება და ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გერმანიას ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და ფორმატებს, კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საპარლამენტო განზომილებაში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერად შაფასა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება.