მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას შეხვდა

16.02.2018 ქ. მიუნხენი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ტარო კონოსთან. 

შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-იაპონიის ისტორიულ მეგობრობას და წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას.

იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას და ქართველ ხალხს მიულოცა ტოშინოჩინის იგივე ლევან გორგოძის გამარჯვება იაპონიის საიმპერატორო თასზე, აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის მოღვაწეობას ქვეყნებს შორის კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გასაღრმავებლად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნის მხარდაჭერისთვის და აღინიშნა იაპონიის მთავრობის აქტიური ხელშეწყობა საქართველოს განვითარების სხვადასხვა პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებას. ორივე მხარე მიესალმა ქვეყნებს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების მიმდინარეობას და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკების პროცესი ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება. ამასთან იაპონიის მხარემ გამოთქვა დაინტერესება ხელი შეუწყოს იაპონიის ბაზარზე ქართული პროდუქტის, მათ შორის ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება განავითარონ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა იაპონიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის თბილისში დაფუძნება. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა იაპონიას, კერძოდ საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით აღჭურვისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღინიშნა იაპონური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესი.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის აღინიშნა სუამი-იაპონიის ფორმატის ეფექტური ფუნქციონირება. მიხეილ ჯანელიძემ იაპონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.