მიხეილ ჯანელიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

5.10.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ივან სკალფაროტოს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს იტალიური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შედეგები. იტალიური მხარის მიერ აღინიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები კმაყოფილები არიან საქართველოში გამართული შეხვედრებით და არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. როგორც ივამ სკალფაროტომ აღნიშნა საქართველოში არის ყველა პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს უცხოური ინვესტიცია.

მიხეილ ჯანელიძემ იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე რეფორმები. ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა ყოვლისმომცველ თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის. ნათლად ჩანს, რომ არსებობს ძლიერი ურთიერთ თავსებადობა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის, ხოლო ჩვენი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ძალიან დაინტერესებულნი არიან. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სამ სფეროს: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ყველა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უდიდესი შესაძლებლობები არსებობს“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ ივან სკალფაროტომ.