მიხეილ ჯანელიძე კატარელ კოლეგას შეხვდა

28.02.2017 ჟენევა - ​ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა კატარელ კოლეგასთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან. 

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და კატარის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით აღინიშნა 5-6 თებერვალს, კატარში საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების გზები მრავალი მიმართულებით.

მინისტრებმა მიმოიხილეს ეკონომიკის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა საქართველოს დადებითი საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლევს, როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ სახელმწიფოებს. კატარის მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და იმ უსაფრთხო გარემოს, რაც მთავარ პირობას წარმოადგენს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. კატარის მხარემ გამოხატა დაინტერესება საფუძვლიანად გაეცნოს მთავრობის რეფორმების პაკეტს, მათ შორის ბიზნესის მომსახურების გაუმჯობესების და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რის წინაპირობაც კატარსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები წარმოადგენს, დადებითად შეფასდა მხარეების გადაწყვეტილება კატარსა და საქართველოს შორის ყოველდღიური ფრენების განხორციელების თაობაზე.

აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. კატარის მხარე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას დოჰას ფორუმის ფარგლებში ეწვიოს კატარს. მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.