მიხეილ ჯანელიძე მიხაილ როტს შეხვდა

18.05.2018 ქ. ელსინორი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს 128- მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო  მინისტრთან მიხაილ როტთან

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას, რომელიც მხარდაჭერილია გერმანელი პარტნიორების მიერ.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებებისათვის, რამაც შედეგი უკვე გამოიღო არსებული მაჩვენებლის გაუმჯობესების მხრივ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა გერმანული მხარის ინიციატივას საქართველოსთვის უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვის ვადების შემცირებას. ყოველივე აღნიშნული, მიუთითებს, გერმანიის მხრიდან საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევის აღიარებას.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა და მხარეები მიესალმნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
 
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო მინისტრის, მიხაილ როტის მიერ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
​