მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

4.12.2017, თბილისი - 2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვისდა სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.
 
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას 4-5 დეკემბერს მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნის რეფორმირების ხელშეწყობის მექანიზმის განხილვა, ევროინტეგრაციის შედეგად მიღებული ცვლილებების დადებითი მხარეების და ამ გზაზე არსებული გამოწვევებზე მსჯელობა.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩარნეცკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ყურადღებას გაამახვილებს "აღმოსავლეთ პარტნორობის" სამიტის შედეგებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და სამომავლო მიზნებზე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ასევე პარლამენტის წევრები ევროკავშირის წევრის და კანდიდატი სახელმწიფოებიდან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. კონფერენციაზე წარმოდგენილია ექსპერტული და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.