მიხეილ ჯანელიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა

26.03.2018 .თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით სუჯაშვილთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დაზვერვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე. ასევე აღნიშნეს რეგიონში არსებული გამოწვევების წინაშე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის კოორდინირებული  თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ თანამშრომლობის წარმართვის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის  უმთავრეს საგარეო პრიორიტეტზე, რასაც საქართველოს ტერიტორიული ოკუპაციის საკითხი  წარმოადგენს.
 
მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ წარმატებაზე. ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. მან აღნიშნა, რომ გლობალური და იდეოლოგიური ცვლილებები საქართველოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და აუცილებელი აღნიშნულთან ერთობლივად გამკლავება.
 
„მინდა მივესალმო იმ დიდ რეფორმებს, რომლებსაც ახორციელებს დაზვერვის სამსახური. ეს არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი ინსტიტუციური განვითარების კუთხით. მნიშნველოვანია, რომ ეს ინსტიტუტიცა ფუნქციონირებდეს სრულყოფილად. ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი სუვერენიტეტის განმტიცება და ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. ამას ჩვენ შევძლებთ, მხოლოდ   ასეთი ძლიერი ინსტიტუციებით, როგორსაც დაზვერვის სამსახური ქმნის დღეს, როგორ რეფორმებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რა თანამშრომლობასაც ჩვენ ვუდებთ საფუძველს“ -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრების დასრულებისას გაკეთებულ კომენტარში.