მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

​27.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) კრისტოფერ კუტერს შეხვდა.

შეხვედრაზე  დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესები. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის შესახებ. განხილულ იქნა ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

საუბარი შეეხო ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი დახმარების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში. აქვე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

კრისტოფერ კუტერმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ყველა ზემოხსენებული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის შესაბამისი სახელშეკრულებო ბაზის ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარების მეშვეობით.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და საერთაშორისო მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ასევე გამოხატა მადლიერება კანადის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისათვის.

საუბრის დასასრულს მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები. კანადის მხარე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ.