მიხეილ ჯანელიძე სარაევოს მერს შეხვდა

6.03.2018 ქ. სარაევო - სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და ქ. სარაევოს მერმა აბდულა სკაკამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც კარგ საფუძველს იძლევა დედაქალაქების - თბილისისა და სარაევოს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სარაევოს მერს გააცნო თბილისის განვითარების ტენდენციები. ხაზი გაესვა ორ ქალაქს შორის არსებულ მსგავსებას, როგორც ლანდშაფტური, ასევე კონცეფციის თვალსაზრისით. თანამშრომლობის განვითარების კუთხით გამოიხატა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სფერო, ტურიზმი თუ ეკოლოგია და გამოცდილების გაზიარება. მიხეილ ჯანელიძემ სარაევოს მერი თბილისში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ სარაევოს მერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალაქის ისტორიული და ტურისტული ნაწილი დაათვალიერებინა.