მიხეილ ჯანელიძე: „სწორედ 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროპულ ფუნდამენტს, რომელმაც მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება განსაზღვრა“

11.04.2018 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, შეხვედრა გამართა მედიის წარმომადგენლებთან და მათ  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

 „საქართველო ისტორიულ თარიღს, დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი  თანამედროვე საქართველოს ევროპულ ფუნდამენტს, დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც დაარსებისთანავე თავისი არსებობის მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და ევროპული მომავალი. მაშინდელი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, უზრუნველყო ქალების აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში, მიიღო კონსტიტუცია, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში და გაატარა ბევრი სხვა სახელმწიფოებრივი რეფორმა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით საქართველო მიღწევებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანა რეგიონში ლიდერად და მისაბაძ მაგალითად აქცია.

აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული  დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.

100 წლის საიუბილეო თარიღთან  დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო ლექციების, ისტორიული ექსპონატების გამოფენებს და ღია კარის დღეების ციკლს მიუძღვნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. სამინსიტროს მიზანია საიუბილეო თარიღის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამავე თემაზე სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების შექმნას.

სამინისტროს ეგიდით საზეიმო ღონისძიება გაიმართება რაბათის ციხეში, სამცხე-ჯავახეთში.  

საიუბილეო თარიღი  საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ორმაგი დატვირთვის მატარებელია, რადგან  უწყებას თავადაც უსრულდება 100 წელი, ამ თარიღთან დაკავშირებით სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს დიპლომატიური მუზეუმის ექსპოზიციას.