მიხეილ ჯანელიძე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

26.01.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან მაია გოიკოვიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.

მხარეები მიესალმნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

საუბარი ასევე შეეხო ახლო მომავალში დაგეგმილ ვიზიტებს, ასევე  ვიზიტების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის საკითხს და აღინიშნა, რომ ეს  ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სამართლებრივი ბაზის გაფართოებას.

აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე სერბეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. 

ხაზი გაესვა  საპარლამენტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო  საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებები და აღინიშნა, რომ სერბეთსა და საქართველოს შორის არსებობს  ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის მაღალი პოტენციალი.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგინალური საკითხები და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე აქტუალური თემები.