მიხეილ ჯანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

„ჩემთვის უდიდესი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე,  ზუსტად 100 წლის წინ ამ დღეს დაიწყო უმნიშვნელოვანესი ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ამ მოვლენას, საქართველოს გონების სუვერენობის აღდგენაც კი უწოდეს.

საქართველოს პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა აკაკი ჩხენკელმა, გახსნით სიტყვაში ბრძანა, „რომ უნივერსიტეტის გახსნა მიეწერება დიდ მოძრაობას, რომელშიაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი ერი, მისი დემოკრატია... დემოკრატიის ღვაწლმა მოგვივლინა დღევანდელი დღესასწაული.“

დიდმა ქართველმა მოაზროვნეებმა და ეროვნულმა მოღვაწეებმა, უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე შეარჩიეს. ამით მათ, ნათელი გახადეს, თუ რა შორსმჭვრეტელ და დიად მიზანს ემსახურებოდა მათი ეს წამოწყება. დავით აღმაშენებელმა, რომელმაც შეძლო დარბეული და დაქსაქსული საქართველოს გაერთიანება, აღორძინება და რეგიონის წამყვან სახელმწიფოდ გარდაქმნა, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, განათლება დასახა, და 1106 წელს ჩამოაყალიბა გელათის აკადემია, რომელსაც თანამედროვენი „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.

სწორედ ამ ისტორიული ტრადიციების მატარებელ, პროგრესისა და დემოკრატიის განვითარების უმთავრეს ცენტრად იქცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნებისთანავე.

მან უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი, დემოკრატიული იდეებით გამსჭვალული თაობის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში. თაობისა, რომელიც იდგა ეროვნული იდენტობის სადარაჯოზე ქვეყნის განვითარების ურთულესი წლების განმავლობაში.
პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნა იყო მართლაც ისტორიული მოვლენა არამარტო საქართველოსთვის არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
უნივერსიტეტის კარი ღია იყო და არის ყველასთვის და იგი არის კულტურათა დაახლოების და ტოლერანტული განწყობების ჩამოყალიბების ცენტრი.

იუნესკოს გენერალური დირექტორი მისალოც წერილში აღნიშნავს: - სწორედ კულტურების დაახლოება არის ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირდება მსოფლიო მოქალაქეების ახალი თაობის აღსაზრდელად.

უნივერსიტეტის კედლებში სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართული მეცნიერების ფუძემდებლები, იზრდებოდა თაობები, რომლებიც ქმნიდნენ მაღალინტელექტუალურ პროდუქტს და ამით ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ როგორც ქართული, ისე მსოფლიო მეცნიერების დარგების განვითარებაში. როგორც ივანე ჯავახიშვილმა ბრძანა, „ყოველი ერის მეცნიერებას მსოფლიო გონებრივ შემოქმედებისათვის იმდენად აქვს მნიშვნელობა, რადგანაც იგი საერთო კაცობრიობის სალაროში საკუთარ წვლილს შეიტანს და თავისებურებას გამოიჩენს.“

შარშან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიის დღე აღნიშნა სწორედ აქ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ეს იყო მართლაც გამორჩეული ფორმატი, რომელმაც ახალგაზრდა თაობას და გამოცდილ დიპლომატებს საქართველოს და მსოფლიოს გამოწვევებზე თავისუფალ ფორმატში აზრის გაცვლის შესაძლებლობა მისცა.

დღეს, საერთაშორისო საზოგადოება მნიშვნელოვანი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.
ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოს მასშტაბით, და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, წინა საუკუნეების პოლიტიკის გამოძახილს, რომელიც  ეფუძნება სამხედრო აგრესიით, თანამდროვე საერთაშორისო წესრიგის ისეთი ძირეული პრინციპების ხელყოფას, როგორიცაა  ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და  ადამიანის უნივერსალური უფლებები.

ამასთან ერთად, გლობალიზაცია, ახალ შესაძლებლობებს და საფრთხეებს ქმნის. ჩვენ ვეძებთ გზებს თუ როგორ მოვერგოთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას. როგორ შევცვალოთ განათლების სისტემა ისე, რომ შევძლოთ სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის და ციფრული სამყაროს ადამიანის სამსახურში ჩაყენება. ამისათვის, აუცილებელია განათლების სფეროს ფუნდამენტური გადააზრება.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ის, რასაც ვერ ისწავლის ხელოვნური ინტელექტი!

ეს, პირველ რიგში, არის თავისუფალი აზროვნება და ადამიანური ფასეულობები, ის რაც მარადიულია და კაცობრიობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
სწორედ ამ ღირებულებების პატივისცემა ქმნის დემოკრატიული განვითარების პირობებს და კულტურული იდენტობის შენარჩუნების გარანტიებს.

დღეს, საქართველო უბრუნდება იმ ოჯახს, რომლისკენაც მიისწრაფვოდა ისტორიულად და რომელიც, არის სწორედ ამ ღირებულებების მატარებელი.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, განათლების სფეროში.

დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად იქნება პროცესების ავანგარდში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. სულ ახლახანს ვიზეიმეთ მისი უწმინდესობის აყსაყდრებიდან 40 წლის იუბილე. მან ამ წლების განმავლობაში ფასდაუდებელი შრომა გასწია ქვეყანაში, რათა სულიერი ფასეულობები  აემაღლებინა ჩვენს საზოგადოებაში და ხელი შეეწყო ჩვენი ერის განსწავლულობისათვის.
1918 წელს, გახსნით ღონისძიებაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ როგორც ბრძანა - „სარწმუნოება არადროს მტრულად არ უცქეროდა მეცნიერებას და ამიტომ იგი მუდამ ეკედლებოდა სარწმუნოებებს.“

პატივცემულო საზოგადოებავ,

მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ვუსურვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წინსვლა და მომავალი წარმატებები.

მისასალმებელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე იუნესკომ შეიტანა მსოფლიოს 2018 ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში.

მადლობა უცხოელ სტუმრებს ჩამობრძანებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ერთად ვზეიმობთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს.
დასასრულს, მსურს გამოვიყენო ეს განსაკუთრებული შემთხვევა და როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და მადლიერება  პროფესორ-მასწავლებლების მიმართ.

მადლობა ყურადღებისთვის!“ - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17970')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.