მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

24.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩთან იგორ დოლგოვთან. 

შეხვედრაზე მინისტრმა მიულოცა ელჩს დიპლომატიური მისია და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მიმდინარე საკითხებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა   მიმდინარე წელს, ქვეყნებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, ხაზი გაესვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო  კლიმკინის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში, ასევე მიმდინარე წელს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე  გამოცდილების  ურთიერთგაზიარების და საერთაშორისო ასპარეზზე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან  საკითხებზე პოზიციების მხარდაჭერაზე.

განიხილეს  რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. 

როგორც შეხვედრაზე იგორ დოლგოვმა აღნიშნა, იგი უკრაინის ელჩის რანგში, ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის.

უკრაინის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები საქართველოს პრეზიდენტს 23 თებერვალს გადასცა.