მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს „ჯეიმსტაუნის ფონდის“ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

14.05.2018 ქ.თბილისი - ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ჯეიმსტაუნის ფონდისდელეგაციასთან, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურის (თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) ფარგლებში სტუმრობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს,  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესს, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული სიკეთეების გავრცობაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა აშშ-ს განსაკუთრებული როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.
 
დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიღწევებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფის კუთხით და გამოთქვეს  ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.    
 
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ეწვია საოკუპაციო ხაზს, დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.