მიხეილ ჯანელიძემ ბაქოს გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

15.03.2018 ქ. ბაქო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში იმყოფება, სადაც ოთხმხრივ ფორმატში გაიმართება აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთისა და ირანის  საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა. 

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო ბაქოს მეექვსე გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. გლობალურ ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიავმა გახსნა, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა და ლატვიის პრეზიდენტმა 1997-2007 წლებში, ფორუმისადმი საგანგებო მიმართვა გავრცელდა რომის პაპის, გაეროს გენერალური მდივნის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და იტალიის პრეზიდენტის სახელით. ღონისძიებას მსოფლიოს ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

საკუთარ გამოსვლაში სხვა საკითხებთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით ხაზი გაუსვა დღეს ბაქოში დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას, რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა ამ ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ბაქოში პირველად ეყრება საფუძველი აზერბაიჯანი საქართველო ირანი თურქეთის ოთხმხრივი შეხვედრის ფორმატს. ახალი ფორმატი ითვალისწინებს რეგიონალური კავშირების გაღრმავებას და მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა  და სხვა. ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან.