მიხეილ ჯანელიძემ და მოჰამედ ჯავად ზარიფმა დადებითად შეაფასეს სამხრეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები

18.04.2017 თბილისი - „დღეს  საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული  შესაძლებლობებით, წარმოადგენს   ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს  ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა კოლეგასთან შეხვედრაზე  განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველო ირანის თანამშრომლობას  სატრანზიტო დერეფნის  განვითარების მიმართულებით, როგორც სახმელეთო - სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვების კუთხით. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს მთავრობა  დაინტერსებულია განავითაროს ეს მიმართულება  და უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიხატა სარკინიგზო გადაზიდვის ერთიან სატარიფო სისტემის დამკვიდრებაში, ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო  მონაკვეთის დასრულებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით აზიიდან  ტვირთების ტრანსპორტირებას ზრდას ევროპის მიმართულებით.

სავაჭრო-ეკონომიკური  ურთიერთობები და ბიზნეს თანამშრომლობა დასახელდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებად. ხაზი გაესვა ამ მხრივ არსებულ დადებით დინამიკას, კერძოდ მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის მონაცემებით გასულ წელთან  შედარებით   ორმხრივი ვაჭრობა 50% -ით არის გაზრდილი, ირანული ინვესტიციების მოცულობა კი 90%-ით გაიზარდა.  „ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო გარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ  ბოლო ერთი წლის განმალობაში დაფიქსირდა  ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა საქართველოში. თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას  ამ მიმართულებით.“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში  საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელშიც დელეგაციაში მყოფი ირანელი ბიზნესმენები  მიიღებენ მონაწილეობას.  „ეს ფორუმი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ირანელი ბიზნესმენებისთვის გაეცნონ საქართველოს  შესაძლებლობებს,  ქართველი ბიზნესმენებს კი საშუალება მიეცემათ დაამყარონ პირდაპირო კონტაქტები ირანელ პარტნიორებთან და განავითარონ შემდგომი საქმიანი კავშირები“ -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 2017 წლის 17-18 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  მოჰამედ ჯავად ზარიფი თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა საქართველოს  პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.