მიხეილ ჯანელიძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

12.12.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თბილისის დიდ სინაგოგაში,  ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ისრაელსა და საქართველოს მშვიდობა უსურვა და ქართველებისთვის ხანუქას დღესასწაულის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ისრაელსა შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე.

თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  რომ ხანუქას დღესასწაული სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, თავისუფლების მონობაზე გამარჯვებასთან ასოცირდება.

ღონისძიებას დაესწრნენ  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები.