მიხეილ ჯანელიძემ ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში მიიღო მონაწილეობა

5.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის სესიაში, რომელიც  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. მინისტრმა კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. 

მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეაფასა ამ მიმართულებით გასული წლის განმალობაში და მიმდინარე წელს მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც რეზოლუციებსა და განცხადებებში გამოიხატა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მიზნებზე და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ექვს პრიორიტეტზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ქვეყნის ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დაახლოებას.  მისი განცხადებით საქართველო აღიარებულია, როგორც  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყანა და მაქსიმალურად იქნება გამოყენებული აღნიშნული ფორმატის შესაძლებლობები. ნატოში ინტეგრაციის კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას და ნატო-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ ეფექტურ განხორციელებას. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, საქართველოს წვლილზე გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ეკონომიკურ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცებაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი გუშინ, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.