მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში შეხვედრა გამართა

3.06.2017 სტრასბურგი - ​სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კაბინეტის უფროსს იზილ გაშეს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა  ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ კომისრის ოფისს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემის რეფორმისა და საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას. მინისტრმა კომისრის ოფისს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო განვითარებებზე, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში ე.წ. გადასასვლელების დახურვის ფაქტსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. „რეფერენდუმზე“. აღინიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების სრული იზოლირებისკენ.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.