მიხეილ ჯანელიძემ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა შეხვედრა

26.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (LSE) სტუდენტებთან, რომლებიც საქართველოს 26 მარტს ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბის “Grimshaw“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო რეიტინგებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე, უსაფრთხოების საკითხებზე  და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებისა და საქართველოს ძალისხმევაზე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.  

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

LSE-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბი “Grimshaw“ 1923 წელს დაფუძნდა და აერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. გარდა ლექციების და დისკუსიებისა, კლუბს აქვს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის პრაქტიკა. წელს, საქართველოში ჩამოსული 12 სტუდენტი 7 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფი გამართავს შეხვედრებს  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო და აკადემიურ წრეებთან. ასეთი ვიზიტების მიზანია ზოგადად ქვეყნის, მიღწეული პროგრესისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

ლონდონში დაბრუნების შემდეგ კლუბი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას LSE-ის მედია საშუალებების მეშვეობით გაავრცელებს.