მიხეილ ჯანელიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა

15.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ROADMAP2EU კონცეფცია წარადგინა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ შედეგებზე ევროპული ინტეგრაციის პროცესის გზაზე.

„ჩვენი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია და ევროპულ შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროკავშირთან ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადავდგით და დღეს აღიარებული ვართ, როგორც ლიდერი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში ევროპული ტრანსფორმაციის კუთხით. მაგრამ ჩვენი ამბიცია უკავშირდება მეტ ინტეგრაციას, რათა ამ მეტმა ინტეგრაციამ შექმნას მეტი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე ჩვენი ამბიციაა გავეჯიბროთ გაწევრიანების გზაზე მდგომ სახელმწიფოებს და დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო არის მზად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საგზაო რუკის კონცეფციის მიზნები და აღნიშნა, რომ ის მოემსახურება საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საგზაო რუკის კომპონენტებზე  და დეტალურად განიხილა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც საგზაო რუკა დაეყრდნობა:
 
  • ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  • ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება;
  • დემოკრატიული განვითარება და სექტორული ინტეგრაცია;
  • ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში;
  • ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება;
  • „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელება;
  • საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი და  შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების საერთო კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, ასევე მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და თემატური სამუშაო ქვეჯგუფები.

მინისტრის განცხადებით საგზაო რუკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობა არის უმთავრესი, ამიტომ გეგმები იქნება საჯარო და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს თუ რა პროგრესია ამ მიმართულებით.  

„ტრანსპარენტულობა და გამჭვირვალობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის და ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს მომავალშიც თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და როგორ ასრულებს სახელმწიფო მის მიერ დაწესებულ და შედგენილ გეგმებს” - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე საგზაო რუკის შემუშავების გრაფიკი მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება საგზაო რუკის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის და ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა განცხადება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების დაწყების შესახებ. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია, რომლის დევიზია - „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“.