მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

04.12.2017 ქ. თბილისი -  4 დეკემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში -  „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.  საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ყურადღება გაამახვილა "აღმოსავლეთ პარტნორობის" სამიტის შედეგებზე და ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე : „საქართველოს ყოველთვის ქონდა მკაფიო სამომავლო ხედვა - ჩვენი მომავალი ევროპაშია. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ ჩვენ შემოგვთავაზა კონკრეტული ჩარჩო ჩვენი ხედვის განსახორციელებლად. მხოლოდ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევძელით აგვეთვისებინა  ის შესაძლებლობები, რომელსაც “აღმოსავლეთ პარტნიორობა” გვთავაზობს. ჩვენ დღეს ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები ვართ, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით შენგენის ქვეყნებში, ჩვენ გავწევრიანდით ენერგეტიკულ გაერთიანებაში. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური მიზანს, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, ევროინტეგრაცია პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს კანონმდებლობაზე, ეკონომიკასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე.,” განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისა და ამ ფორმატისადმი, ასევე დაისახა პრაქტიკული ნაბიჯები ინიციატივა „20 შედეგი 2020 წლისთვის“, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი მიზნების განსახორციელებლად.
 მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წარმატების მიზეზად ფორმატის მოქნილობა დაასახელა და აღნიშნა, რომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატმა შეძლო გაეერთიანებინა  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავევული ინტერესების, ამბიციებისა და დღის წესრიგის მქონე ექვსი ქვეყანა და  შეექმნა მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი ჩარჩო, რომელიც ყველა მხარეს შესაძლებლობას აძლევს ინდივიდუალურად დასახოს მიზნები და განსაზღვროს თანამშრომლობის ფორმა და ინტენსივობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას საქართველოს პარლამკენტი  4-5 დეკემბერს მასპინძლობს და ღონისძიების მიზანს  ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგად მიღებული ცვლილებების დადებითი  მხარეების და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა წარმოადგენს.