მიხეილ ჯანელიძემ პოლონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

03.05.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის - პოლონეთის მიერ ევროპაში პირველი კონსტიტუციის მიღების დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ დღესასწაულზე, როგორც „პოლონეთის და თანამედროვე ევროპის ისტორიაში უდიდესი მოვლენაზე" და ასევე საქართველოსა და პოლონეთს შორის  საუკუნეების მანძილზე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა და საქართველომ 28 აპრილს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავი აღნიშნეს. 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენს ქვეყნებს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და თავდაცვის კუთხით. საერთო ისტორიული გამოცდილება, დაუღალავი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ზიარი ღირებულებები ის მთავარი საფუძვლებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ხალხთაშორისი კონტაქტების ინტენსივობას. ვაფასებთ, რომ პოლონეთი, როგორც ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი, ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, იცავდა და მომავალშიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს“, აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამაგალითო უწოდა პოლონეთის წარმატებულ ტრანსფორმაციას და გამოთქვა იმედი, რომ როგორც ევროინტეგრაციის ისე ორმხრივი მიმართულებით მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება ქვეყნებს შორის.

საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ სასტუმრო „ბილტმორ“-ში 3 მაისს გაიმართა.