მიხეილ ჯანელიძემ ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

13.05.2018 ქუთაისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლას ესტუმრა, რომელშიც თავად სწავლობდა და სკოლის დაარსების 170-ე იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრებისა და სხვადასხვა წლებში სკოლის კურსდამთავრებულ ქალთა პორტრეტების გამოფენა.

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ ჭაბუკიანმა კონკურსის შედეგები შეაჯამა და წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებელი, დამრიგებელი, მშობელი და წარმატებული კურსდამთავრებული გამოავლინა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საუკეთესო კურსდამთავრებულის სერტიფიკატი საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს გადაეცა. აღნიშნულ ნომინაციაში სერტიფიკატები ასევე გადაეცათ ქ. ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიასა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს.

წლის საუკეთესო მასწავლებელს საპატიო ჯილდო სკოლის სახელით საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ გადასცა.

“ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლას 170 წლიანი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ეს სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების მაღალი ხარისხითა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილით” - აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ სკოლის კურსდამთავრებულები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საკუთარ სიტყვაში მიხეილ ჯანელიძემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მომავალი წარმატება და სკოლის ისტორიის წარმატებული გაგრძელება უსურვა.
 
სკოლის საიუბილეო წლის ფარგლებში მოსწავლეთა შემოქმედების ცენტრი სავანე გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.