მიხეილ ჯანელიძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დიასპორის მიმართულებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა

25.09.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს დიასპორის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა.

მიხეილ ჯანელიძემ სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შემუშავებული პროგრამების, დიასპორის პრობლემატიკის შესწავლის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დიასპორის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის, თანამემამულეების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი ინტერესების განხორციელების და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ.

„უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომიტეტთან ერთად, დიასპორის აქტიური ჩართულობით, შეიმუშავა პირველად საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში სპეციალური სტრატეგია დიასპორის პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც ეფუძნება შემდეგ ხედვას „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ გვინდა მივაღწიოთ“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.