მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო მიზნებზე ისაუბრა

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესით გამოიხატება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ ეს ქმნის ორი სახელმწიფოს და მათი ინსტიტუტების მდგრადი განვითარების წინაპირობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინელ კოლეგას მიულოცა  ევროპარლამენტის კენჭისყრის პოზიტიური შედეგი და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ამოქმედდება. 

„ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე გვაქვს ხელშესახები წარმატებები, თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა მეტია, რაც უკავშირდება ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.   მჯერა, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ - განაცხადა მინისტრმა.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მორიგი სამიტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას. როგორც მინისტრმა განაცხადა შეხვედრისას განიხილეს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და პრიორიტეტები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შედგება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი.