მიხეილ ჯანელიძემ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის დაფუძნების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

28.07.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

მიხეილ ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყოველი მოქალაქის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ისეთი საზარელი სენით არიან დაავადებული, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნეა. ის, რასაც ფონდი აკეთებს ამ წლების განმავლობაში ნამდვილად უპრეცედენტოა. სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის გაკეთდება მაქსიმუმი იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ასეთი ტიპის პროექტებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დალოცვის ტექსტი წაიკითხა და შენობის საძირკველი აკურთხა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდგომ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სარეაბილიტაციო ცენტრი „ბედნიერი სახლის“ საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.

სოციალური პროექტის ინიციატორია ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი. „ბედნიერი სახლის“ მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებლის, თინათინ ჩხვიმიანის განცხადებით, ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ღონისძიებას სასულიერო პირები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.