მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

30.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა.
 
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სომეხ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა, მისი შეფასებით ამის ნათელი დასტურია ის, რომ სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
 
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სომხეთსა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა. ნიკოლ ფაშინიანმა ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიულ მეგობრობასა და ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
საზეიმო მიღებას თბილისის საკრებულოში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.​