მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

20.04.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ფორმატში უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა, რომელიც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

სამუშაო ვახშამზე მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები და ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-უნგრეთის მეგობრობასა და პარტნიორობას  და განაცხადა, რომ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა საქართველოში უნგრეთის საპატიო კონსულობის კანდიდატი საქართველოში ზაზა ჩარკვიანი. 

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საპატიო კონსულის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

საქართველოში უნგრეთის საპატიო კონსულის ტიტულს ზაზა ჩარკვიანი  2003-2011 წლებშიც ატარებდა. იგი 1997 წლიდან უნგრული ფარმაცევტული კომპანია „Gedeon Richter“-ის საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორია.

20 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი შედიან.