მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო-აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის

17.02.2018 ქ. მიუნხენი - ​„ორივე მხარე ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო მყარი და ემსახურებოდეს, როგორც საქართველოს გაძლიერებას, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ასევე ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიაში განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რაც მინისტრის თქმით გამოიხატა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობაში, შეთანხმებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ნატო-ს სამიტს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

„განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოხატული იქნა გასული წლის განმავლობაში შესაბამისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით და შესაბამისი ქმედებებით. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს წარმატების მომტანი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.