მინისტრებმა დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინეს საქართველოს კანდიდატი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე

​1.02.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს  საქართველოს კანდიდატი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, დავით კირვალიძე წარუდგინეს.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და ვფიქრობ, დავით კირვალიძე თავისი გამოცდილებით, ცოდნით, კვალიფიკაციით ამ სფეროში იქნება ღირსეული კანდიდატი. არჩევნების წინ ხანგრძლივი პროცედურები იქნება და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრებმა საქართველოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრეს.  თავის მხრივ, დავით კირვალიძემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო თავისი მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს არჩევის შემთხვევაში.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი საქართველოს მხრიდან, საქართველოს რეფორმების პოპულარიზაციის კუთხით და ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატით ახალ დინამიკას და ცვლილებებს შევიტანთ გაეროს ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში“ - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 22-29 ივნისს, ქ. რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 41-ე სესიის ფარგლებში.