მინისტრის მოადგილემ პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდა საგარეო უწყების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ

21.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, გამართულ მოსმენაში, სადაც განხილულ იქნა „2015 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხი.

საკომიტეტო მოსმენაზე, სიტყვით გამოსვლისას, ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელთა იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 
საკუთარ გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. 
               
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა  2016 წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო  ხაზის სიახლოვეს ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის - გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ევროპის საბჭო.
                                  
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა 7 ყოველკვარტალური ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომელიც მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს.  უახლოეს მომავალში გამოიცემა მე-8 ასეთი ანგარიში.
 
ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აისახება გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოებში საქართველოს მიერ წარდგენილ ყველა სახელმწიფო ანგარიშში.  ხსენებულ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ანგარიშების განხილვისას, დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვაში.   
 
როგორც საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესასრულებლად.