„მოხარული ვარ, რომ საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის პრიორიტეტები ეხმიანება მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას“ - მიხეილ ჯანელიძე

24.04.2017 თბილისი - ​ესტონელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყნას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე. 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ახალი შესაძლებლობები იხსნება და აქტიურდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მინისტრის თქმით 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა 21%-ით, ხოლო საქართველოდან ექსპორტი -24%-ით გაიზარდა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანაში გამართულ ბიზნეს ფორუმებზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთის მთავრობები ხელს უწყობენ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით სამთავრობო და პოლიტიკურ დონეზე ყველა შესაძლებლობაა შექმნილი იმისათვის, რომ ბიზნეს წრეებმა პრაქტიკული სარგებელი მიიღონ ბიზნეს ურთიერთობებიდან.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროებზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთს შორის თანამშრომლობის სფეროები პირდაპირ ეხმიანება აღნიშნულ გეგმას.

მინისტრმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით პირდაპირი რეისების არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ჩამოყალიბებას. საქართველოს საელჩო ესტონეთში აქტიურად მუშაობს ესტონურ კომპანიებთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების განხორციელებაზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ესტონეთის მთავრობა ყოველწლიურად გამოჰყოფს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისათვის და დღეს ესტონეთში უმაღლეს განათლებას 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი იღებს. მინისტრის თქმით ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს კავშირებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის.

„საქართველოსა და ესტონეთს შორის მეგობრობა ძალიან მყარია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთად იღებენ განათლებას. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვიხილოთ ესტონელი სტუდენტები საქართველოში და საქართველოს უნივერსიტეტებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალი თაობები ისევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, როგორც დღევანდელი და წინა თაობები“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.