მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს ბუენოს-აირესის "საპატიო სტუმრის" სტატუსი მიენიჭა

16.04.2018 არგენტინა - ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის საკრებულოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, ქალაქის "საპატიო სტუმრის" სტატუსი მიენიჭა.

გამართულ ცერემონიაზე არგენტინის ტურიზმის მინისტრმა, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტმა გუსტავო სანტოსმა და საკრებულოს ტურიზმისა და სპორტის კომიტეტის პრეზიდენტმა გონსალო ობრედომ, ზურაბ პოლოლიკაშვილს ქალაქის "საპატიო სტუმრის" სტატუსი საზეიმო ვითარებაში მიანიჭეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი 2017 წლის 14 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაამტკიცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.