მთავარობისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვები ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე თანხვედრაშია, რაც აქტიური ერთობლივი მუშაობის შედეგია - დავით ზალკალიანი

29.03.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება". მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელზე „ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება".
 
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
 
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა, ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების ყველა ეტაპზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ."-აღნიშნა მინისტრმა.
 
ამასთან, მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა  გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვები ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დიდ წილად ერთმანეთს ემთხვევა, რაც მისი თქმით ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის შედეგია.
 
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც ყველა მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვას, ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და ზოგადად, საქართველოს თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. 
 
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა 2018 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კონტექსტში და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
 
„საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც ყველა მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვას, ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და ზოგადად, საქართველოს თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, რაც აღიარებულია ჩვენი ევროკავშირელი პარტნიორების მიერ.“
 
დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით  ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების პროცესზე, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელსაც უძღვებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ მინისტრი.
 
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობა, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების საშუალებით ახორციელებს.ამ მხრივ აღინიშნა ისეთი პროგრამებო, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების პროგრამა ENPARD-ი, ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა, ასევე ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“, რომლებიც  რეგიონულ განვითარებას, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება.
 
”ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის თვალსაჩინოა ის ხელშესახები შედეგები, რასაც ევროკავშირთან თანამშრომლობით ვიღებთ: ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირთან ვაჭრობა (2018 წელს ზრდამ 18% შეადგინა), მიმდინარეობს ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია; ვაძლიერებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში; აქტიურად ვმონაწილეობთ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში;  იზრდება ევროკავშირის დაფინანსება და საქართველოს ჩართულობა ევროკავშირის პროგრამებში და სააგენტოებში.“-განაცხადა ზალკალიანმა.
 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრებმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო მაღალი დონის წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებმა.
 
აღნიშნული კონფერენცია იმართება წელიწადში ერთხელ. ღონისძიების ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ითვალისწინებს.
 
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა.