“მთავრობის საგარეო პოლიტიკა არსებული გამოწვევების გამკლავების და  შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული,“- მიხეილ ჯანელიძე

18.07.2017 ქ.თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით თანამედროვე საერთაშორისო გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია, რაც შესაძლებლობებთან ერთად, ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს წარმოშობს. საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გამკლავების და  შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

მისი შეფასებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევები დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია - შავი ზღვის რეგიონზე, მათ შორის  რუსეთის ანექსიური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უდიდესი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.   „რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტების არსებობა ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა/გაფართოების მიზნით კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე, რეგიონული სტაბილურობისთვის“-განაცხადა მინისტრმა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველო, როგორც რეგიონში განვითარების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  „სამხრეთ კავკასიის რეგიონი, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენს, რაც რეგიონის ქვეყნებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების კარგ პერსპექტივას უქმნის. საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გამკლავების და  შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული“- დასძინა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამბასადორიალში მონაწილებოსთვის და აღნიშნა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება კარგი ტრადიცია, დიპლომატიური სისტემის შიგნით კოორდინაციის გაძლიერების და მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსიებისთვის.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და 4 დღე გაგრძელდება.