ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის ვიზიტი

4-5 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ნატო- შემფასებელი ჯგუფის შეხვედრები საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ წელს, ქართულმა მხარემ ნატო-ს შემფასებელ ჯგუფთან ერთად რიგით მე-11 წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი განიხილა.

შეხვედრებზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებმა შემფასებელ ჯგუფს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც 2019 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა.
ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე და, ასევე, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ.

წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელშიც ასახულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად. წლების განმავლობაში, საქართველო მაღალ შეფასებებს ღებულობს ალიანსისგან, დემოკრატიული რეფორმებისა და თავდაცვის ინსტიტუტების განვითარების კუთხით.