ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია ბრიუსელის სამიტზე

  1. ჩვენ, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები და საქართველო შევხვდით დღეს ბრიუსელში, რათა განვიხილოთ უსაფრთხოება, თავდაცვის რეფორმები და თანამშრომლობა. მოკავშირეები ულოცავენ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს. მოკავშირეები და საქართველო ხაზს უსვამენ საქართველოს ალიანსთან ურთიერთობის უნიკალურ ფორმას და მასშტაბს. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ არსებით პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებისა და მყარი ეკონომიკური განვითარების, ეფექტური თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით. საქართველო მოწოდებულია, გააგრძელოს აღნიშნული რეფორმების განხორციელება.

  2. ოპერაციებში ჩართულობის თვალსაზრისით საქართველო არის ალიანსის ერთერთი უახლოესი პარტნიორი და სარგებლობს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსით. მოკავშირეები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს მხარდაჭერას ნატოს ოპერაციებისა და მისიებისადმი, განსაკუთრებით მის ჩართულობას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ავღანეთის მისიაში მონაწილე კონტინგენტის რიცხოვნობით საქართველო ერთერთი მოწინავე ქვეყანაა. ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ საერთო უსაფრთხოებისათვის გაღებულ მსხვერპლს და უდიდეს წვლილს. ეს ძალისხმევა, ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

  3. ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები მიესალმებიან საქართველოს მზარდ პრაქტიკულ თანამშრომლობას ალიანსთან, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ფარგლებში, რომლის წარმატებით განხორციელებაში ჩართულია ალიანსის ყველა წევრი, ასევე შვედეთი და ფინეთი. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ამაღლებს საქართველოს თავდაცვის რეფორმების ეფექტურობას, ნატოსთან თავსებადობას და აძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოსადმი პაკეტის განხორციელებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სრულ სპექტრს მოიცავს. ჩვენ მივესალმებით საერთო პროგრესს, მათ შორის ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას, როგორიცაა ბიდგოშის (პოლონეთი) გაერთიანებულ ძალთა საწვრთნელ ცენტრსა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს შორის არსებული მენტორული ურთიერთობა. ასევე აღსანიშნავია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და საქართველოს მონაწილეობა სწავლებებში. ნატო და საქართველო მზადყოფნას გამოთქვამენ, კიდევ უფრო გააღრმავონ თანამშრომლობა, მათ შორის 2019 წლის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში. სწავლება მოკავშირეთა აქტიური მონაწილეობით წარიმართება. ჩვენ წინ მივიწევთ საქართველოსთან უსაფრთხო კომუნიკაციების საშუალებების განვითარების კუთხით და ვაძლიერებთ მხარდაჭერას კონტრ-მობილურობის სფეროში. მივესალმებით დიალოგს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მათ წინააღმდეგ მდგრადობის განვითარების საშუალებებზე. განვიხილავთ თანამშრომლობის გაღრმავებას კიბერთავდაცვის კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს საქართველოს თავსებადობა ალიანსთან.

  4. ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები ვაფასებთ საქართველოს ჩართულობას და წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ დისკუსიებში. ვიღებთ ვალდებულებას, გავაღრმავოთ დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ამ კონტექსტში, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. ამ მიმართულებით  ინიცირებულ იქნა მთელი რიგი ახალი ნაბიჯები. მივესალმებით საქართველოს შეთავაზებას, აღმოუჩინოს ლოგისტიკური მხარდაჭერა ნატოსა და ცალკეულ მოკავშირეებს.  ასევე, მივესალმებით საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების დაწყებას, მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო დაჯგუფებას შორის, რაც გამოიხატება საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი სწავლებებით, ასევე  მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს გაერთიანებული საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს სანაოსნო ცენტრს შორის. მოკავშირეები გეგმავენ, დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობების გაფართოვებაში. ველით სამომავლოდ საქართველოს მონაწილეობას ნატოს საზღვაო ოპერაციაში Sea Guardian.

  5. ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები მიესალმებიან საქართველოს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდის და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პროცესში მიღწეულ აშკარა პროგრესს.

  6. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტისადმი - გახდეს ნატოს წევრი, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და ახლა უკვე ასახულია ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო -ს წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც - შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას რეფორმირების გზაზე, რომელიც ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ სახელმწიფოს, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მომზადების პროცესში, რაც ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ამაღლებს ალიანსთან თავსებადობას.

  7. ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება. ვგმობთ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, რომელსაც ადგილი აქვს აღნიშნულ რეგიონებში, ასევე ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების გავლებას და სხვა, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შექმნას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ეს ნაბიჯები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და  აშკარად  ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, გაიყვანოს საკუთარი ძალები  საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე და საშუალება მისცეს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედებას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისადმი ერთგულებას და ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას, მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ასევე ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

  8. ჩვენი შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის ათი წლისთავზე ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს ურთიერთობების სიღრმეს, მასშტაბს და მტკიცე ხასიათს. სამომავლო პერსპექტივაში ველით, რომ ნატო-საქართველოს კომისია გააგრძელებს საკვანძო როლის შესრულებას საქართველოსა და ალიანს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.